როგორ ავიღოთ სამოყვარულო რადიოსიხშირეების გამოყენების ნებართვა

Avtandil Kikabidze
3 min readJul 1, 2024

--

ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმისათვის, რომ გამოიყენოთ რადიოგადამცემი (ე.წ. რაცია) და შესაბამისად რომელიმე რადიოსიხშირე, საჭირო არის რადიოსიხშირეების გამოყენების ნებართვის აღება. ნებართვის აღების დროს, ასევე გენიჭებათ საერთაშორისო სახმობი. ამ სტატიაში ვეცდები ავხსნა, როგორ შეიძლება ამ ნებართვის და სახმობის აღება საქართველოში.

პირველ რიგში, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიოსიხშირით სარგებლობა, როდესაც ამის ნებართვა არ გაქვთ, არის ადმინისტრაციული კოდექსით დასჯადი და შესაბამისი პასუხისმგებლობაცაა გათვალისწინებული.

რადიოსიხშირეების გამოყენებას მსოფლიოში არეგულირებს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) და საქართველოში ეს უფლება დელეგირებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

რადიოსიხშირის გამოყენების ნებართვები იყოფა კატეგორიებად. სამოყვარულოდ ითვლება B და A კატეგორია. A კატეგორიის ნებართვა უფრო დიდი დიაპაზონის სიხშირეების და სიმძლავრეების გამოყენების უფლებას იძლევა და მის მისაღებად საჭიროა B კატეგორიის ნებართვის ქონა მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ B კატეგორიის ნებართვის აღებას, რომლის სიხშირეთა დიაპაზონებიც და სიმძლავრეებიც სავსებით საკმარისი იქნება პრაქტიკულად ყველა დამწყები რადიომოყვარულისთვის.

B კატეგორიაში დაშვებული სიხშირეები და სიმძლავრეები მოყვანილია შემდეგ ცხრილში:

B კატეგორიის ცხრილი

B კატეგორიის ნებართვის ასაღებად საჭიროა მარტივი ტესტის ჩაბარება. ამ ტესტის ავტორია ერთ-ერთი უძველესი რადიომოყვარული მამუკა კორძახია, იგივე 4L2M. მას დიდი როლი მიუძღვის საქართველოში რადიოსამოყვარულო სფეროს განვითარებაში.

ტესტის ჩაბარებამდე გასათვალსიწინებელია, რომ თუ ოდესმე ვინმეს ქონია სხვა სახის ნებართვა, მაგალითად 30–40 წლის წინ და ეს ნებართვა დაკარგულია/ვადაგასულია, მაშინ მამუკას რეკომენდაციის საფუძველზე გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო და ისე მოხდება ამ ნებართვის აღდგენა. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მას ფეისბუქის საშუალებით.

ასევე, თუ საქართველოს მოქალაქე წარადგენს უცხო ქვეყანაში აღებულ სამოყვარულო ნებართვას, შეუძლია ავტომატურად მიიღოს ადგილობრივი ნებართვა კომუნიკაციების კომისიისგან.

საგამოცდო ტესტში სულ არის 114 საკითხი, ტესტირების დროს შემთხვევითობის პრინციპით მოვა 30 კითხვა და აქედან 70%-ს ანუ 21 კითხვას თუ გასცემთ სწორად პასუხს, ტესტი ჩაბარებულად ითვლება. ტესტის კითხვები და პასუხები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფაილში:

ეს ფაილი დაამუშავა და მომაწოდა ქართველმა რადიომოყვარულმა ზვიად სულაბერიძემ (იგივე 4L1ZS).

ტესტის საკითხების სწავლის შემდეგ, უნდა გაგზავნოთ შევსებული განაცხადი (იხილეთ განაცხადის შაბლონი) მაილზე post@comcom.ge. ეს განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით (ხელმოწერის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ აქ: https://id.ge/). განაცხადს უნდა დაურთოთ პირადობის ორივე გვერდის სკანი და პასპორტის ფოტოსურათი. გაგზავნილი მაილის პასუხად მოგივათ ავტომატური მაილი “Automatic Reply”, რომელიც გიდასტურებთ, რომ თქვენი მაილი მიღებულია. თუ ვერ ახერხებთ კვალიფიციურ ხელმოწერას, მაშინ შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმე სხვას, ვინც ახერხებს, რომ მან თქვენს მაგივრად გაგზავნოს განაცხადი. ფიზიკურად საბუთებს კომუნიკაციების კომისია აღარ ღებულობს.

საჭირო დოკუმენტების გაგზავნის შემდეგ ელოდებით უკუკავშირს მაილზე ან ტელეფონზე, რომლითაც დაგიბარებენ ტესტირებაზე კომუნიკაციების სააგენტოში. კანონით, ტესტირება ტარდება ყოველი კვარტლის ბოლოს წინა კვირაში, თუმცა საქართველოში რეგლამენტს რომელი სახელმწიფო ორგანიზაცია იცავს, ამათმა რომ დაიცვან?! :) ამიტომ ჯობია დაელოდოთ უკუკავშირს.

ტესტის დაწერისას, ტესტების ფურცელზე ბოლოში უნდა ჩამოწეროთ რამდენიმე სასურველი სახმობი, რათა თუ რომელიმე დაკავებულია, მარტივად შეძლონ შემდეგი სახმობის მონიჭება.

სახმობის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახმობის ფორმატი აუცილებელია იყოს: 4L[ნებისმიერი ციფრი][ნებისმიერი ლათინური ასო][ნებისმიერი ლათინური ასო]. მაგალითად ჩემი სახმობი 4L0NG გახლავთ.

ტესტის დაწერის შემდეგ, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მაილზე მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენთვის ნებართვის და სახმობის მინიჭების შესახებ.

გადაწყვეტილების მაგალითი

გადაწყვეტილებას ასევე თან აქვს დართული თანხმლები წერილი და ზემოთ მოყვანილი სიხშირეების სქემა.

თანმხლები წერილის მაგალითი

დაახლოებით კიდევ 1–2 კვირაში მზად იქნება თქვენი რადიომოყვარულის მოწმობაც, რომლის აღებასაც შეძლებთ კომუნიკაციების სააგენტოში მისამართზე: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18. ლოკაცია რუკაზე: https://maps.app.goo.gl/8dgV5KEkXGN8ru3j7

რადიომოყვარულის მოწმობა

დამატებითი კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დატოვეთ კომენტარი.

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ სტატიამ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ნებართვის აღება საქართველოში.

--

--

Avtandil Kikabidze
Avtandil Kikabidze

Written by Avtandil Kikabidze

Software Engineer, IT Evangelist, Geek, Romantic..

No responses yet