COVID-19 და ვაქცინაცია

Avtandil Kikabidze
6 min readDec 3, 2021

მხურვალე კამათია გაჩაღებული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც არც განათლების სისტემა გვივარგა, არც ხელისუფლება (რომ შესაბამისი სწორი კამპანია აწარმოოს) და ზოგადადაც საერთაშორისო კვლევის მიხედვით წაკითხულის გააზრებაში მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ. [წყარო https://www.oecd.org/pisa/PISA%202018%20Insights%20and%20Interpretations%20FINAL%20PDF.pdf ]

მე ამ სტატიაში შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად და სანდო საერთაშორისო წყაროების მითითებით გავცე ყველაზე გავრცელებულ კითხვებს პასუხი.

როდესაც წყაროებზე მიდგება ხოლმე საქმე, აქ წინასწარ უნდა მოხდეს შეთანხმება, ვის რისი სჯერა.

მაგალითად, თუ ადამიანს სჯერა, რომ მისი დაჩიპვა უნდათ მასონებს, განა რა წყარო ან არგუმენტი უნდა მოუყვანო, რომ აზრი შეიცვალოს?

მაგალითად, თუ ადამიანს სჯერა, რომ არსებობს მსოფლიო შეთქმულება მოსახლეობის შესამცირებლად და ეს კოვიდიც ამიტომ შეიქმნა, ვფიქრობ აქაც უძლური იქნება ნებისმიერი წყარო.

წყაროების და მსოფლიო სამეცნიერო ავტორიტეტების მიმართ უნდობლობა საერთოდ აზრს უკარგავს ნებისმიერი რამის მტკიცების მცდელობას. მაგალითად, ადამიანს თუ მას არ უნდა, ვერაფრით დაუმტკიცებ რომ დედამიწა სფერისებურია და არა ბრტყელი. იტყვის რომ NASA-ს კოსმოსური ფოტოები გაყალბებულია, ყველა სამეცნიერო მტკიცებულებები მოგონილი და ა.შ. საკუთარი თვალით კი მას არ უნახავს დედამიწის სიმრგვალე და შესაბამისად სჯერა რომ ბრტყელია. არც ასეთ ადამიანებთან აქვს კამათს აზრი.

ამ სტატიის კითხვის გაგრძელებისას, ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს სამეცნიერო წყაროები, რასაც ვენდობით და ავტორიტეტულია (US CDC, WHO, Lancet და ა.შ.). კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყველა სფეროში ექსპერტები ვერ ვიქნებით და უნდა ვენდოთ მათ, ვინც ჩვენზე ბევრად მეტი იცის. მეცნიერებას პატივი უნდა ვცეთ.

ანტივაქსერობა არ არის ახალი ფენომენი. მსგავსი განწყობა იყო ნებისმიერი იმ ვაქცინის გამოგონების დროს, ეხლა რომ ჩვენს ბავშვებს ვცრით უპრობლემოდ და არ გვიჩნდება არანაირი კითხვა. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მსოფლიო მედიცინაში. მან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

ანტივაქსერებს კამათისას როგორც წესი მოყავთ არაფრით გამყარებული არგუმენტები, რომლებიც ან არასანდო წყაროში აქვთ ამოკითხული (დღეს ყველას შეუძლია საკუთარი საიტი გაუშვას ინტერნეტში და იქ რაც უნდა ის წეროს), ან სადმე ჭორად მოსმენილი (ჩემი ბიძაშვილის გარე მამიდაშვილი ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს და იმან მითხრა). ეს ძალიან საშიშ სახეს იღებს სოციალურ ქსელებში, რადგან ამ “არგუმენტებს" სხვა ხალხი კითხულობს და ნაწილი იჯერებს კიდეც. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, სხვა ჩვენსავით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიც ამ პრობლემის წინაშე არიან. [წყარო https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8150815/]

“არგუმენტების” არასრული სია ასეთია:

რად მინდა აცრა, აგერ ჩემმა მეზობელმა მარტივად გადაიტანა. მეც ჯანმრთელი ვარ და გადავიტან

კოვიდი არის ვერაგი დაავადება. რა რეაქცია ექნება შენს თუნდაც აბსოლუტურად ჯანმრთელ ორგანიზმს კორონავირუსზე, ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია.

ამის ტრაგიკული მაგალითია სულ ცოტა ხნის წინ 20 წლის ქართველი ფეხბურთელის გარდაცვალება, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, რადგან პროფესიონალ სპორტსმენებს სისტემატიურად უტარდებათ გეგმიური სამედიცინო შემოწმება, თუმცა კოვიდთან ბრძოლაში მაინც დამარცხდა.

როგორც საინფორმაციოები წერენ, ფიქრობდა აცრაზე, მაგრამ ვერ მოასწრო. [წყარო http://lelo.ge/article/20 ]

ერთ წელიწადში ნორმალურ ვაქცინას როგორ გამოიგონებდნენ, რამე არ დამემართოს

ვირუსის წარმომავლობა.

Covid-19 არის კორონავირუსის ჯგუფის ვირუსების ერთ-ერთი წევრი. ამ ჯგუფის სხვა წევრებთან მეცნიერებს 50 წელზე მეტია შეხება აქვთ და სწავლობენ. [წყარო https://www.niaid.nih.gov/diseases-conditions/coronaviruses ]

მეცნიერების ერთიანობა.

როცა სამყარო პანდემიის წინაშე დადგა, გაერთიანდა მთელი მსოფლიო ამ პრობლემის წინაშე და მეცნიერებმა დედამიწის ყველა კუთხიდან დაიწყეს ამ ვირუსის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და კოლაბორაცია. [წყარო https://www.ecdc.europa.eu/en/covid-19/timeline-ecdc-response და https://www.un.org/en/un-coronavirus-communications-team/un-mobilizes-global-cooperation-science-based-covid-19-responses ]

დაფინანსება.

საშუალოდ ჩვეულებრივი ვაქცინის შემუშავება ჯდება დაახლოებით 50 მილიონი დოლარი. კოვიდის კვლევისთვის და ვაქცინის შემუშავებისთვის, პირველივე ეტაპზე აკუმულირდა 8 მილიარდი დოლარი და შემდეგაც არ შეწყვეტილა მისი ფინანსირება. [წყარო https://www.cfr.org/backgrounder/guide-global-covid-19-vaccine-efforts ]

mRNA ტექნოლოგია.

ფაიზერი არის mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა. ეს ტექნოლოგია ბოლო წლები აქტიურად იკვლეოდა და მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: მას ორგანიზმში შეაქვს ინფორმაცია ვირუსის შესახებ, რათა გამომუშავდეს იმუნური რეაქცია და როცა რეალური ვირუსი შეხვდება, ორგანიზმი გასცემს სათანადო პასუხს.

აქ ანტივაქსერები გამოთქვამენ შიშს, რომ ვირუსის საკუთარი ნებით შეყვანა ორგანიზმში საშიშიაო, მაგრამ ვაქცინა არ არის ვირუსი, მისი კოდია უბრალოდ, ინფორმაცია ვირუსის შესახებ. [წყარო https://www.nature.com/articles/nrd.2017.243 ]

გვერდითი მოვლენები ძალიან საშიშია

გვერდითი მოვლენა ნებისმიერ ვაქცინას და პრეპარატს გააჩნია. კოვიდის ვაქცინების გვერდითი მოვლენებია დაბალი სიცხე, ტკივილი კუნთის არეში და ა.შ. ძალიან მინიმალური შანსია, რომ რაიმე გართულება გამოიწვიოს და მაგ შემთხვევაშიც სამედიცინო პერსონალის ჩარევა აგვარებს პრობლემას.

მსოფლიოში უკვე 7 მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინაა გამოყენებული და არანაირი საშიში ტენდენცია არ დაფიქსირებულა. [წყარო https://covid19.who.int ]

ასევე გასათვალიწინებელია, რომ ვაქცინაციის რეკომენდაცია გაიცა 5 წლიდან ბავშვებზეც და რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა რომ არსებობდეს, ამას არავინ დაუშვებდა. [წყარო https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/expect/after.html ]

ვაქცინა ცვლის ჩემს გენებს და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის უშვილობას

არ არის ასე. უკვე 2 წელი გავიდა, რაც ამ ვირუსთან შეხება გვაქვს და უკვე უამრავი ადამიანია, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ ეყოლა სრულიად ჯანმრთელი პატარა.

ვაქცინას არანაირი შეხება არ აქვს დეენემთან. mRNA/Viral Vector ვაქცინას (მაგალითად ფაიზერი), ორგანიზმში შეაქვს ინსტრუქციები (გენეტიკური მატერიალი) ჩვენი უჯრედებისთვის, რომლებიც შემდეგ გამოიმუშავებენ დაცვას ვირუსის წინააღმდეგ. ვაქცინა არასოდეს არ აღწევს უჯრედის ბირთვში, სადაც არის განთავსებული დეენემი. [წყარო https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/different-vaccines/mrna.html და https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/different-vaccines/viralvector.html ]

კაცმა არ იცის ასაცრელად რომ მივალ, რას გამიკეთებენ

ზოგადად, ასეთი რამეები არ იმალება და აქამდეც გამჟღავნდებოდა რომ მომხდარიყო. ამასთან, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამოწმებს და ხელს უწყობს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს. [წყარო https://eeas.europa.eu/delegations/georgia/104889/eu-and-who-donate-300-refrigerators-support-georgia%E2%80%99s-vaccination-process_en ]

არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე წარმატებით შეგვიძლია შევიტანოთ ეჭვი ონკანში მომავალ სასმელ წყალთან მიმართებაში. თუ ხელისუფლებას უნდა ადამიანებისთვის ზიანის მიყენება, სხვა უკეთესი მეთოდები გააჩნიათ ამისთვის ☺

ვაქცინირებულ ადამიანს მაინც ემართება კოვიდი და რისთვის გავიკეთოთ?

მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ დელტას შტამის შემთხვევაშიც კი (რომელიც ყველაზე გადამდებია დღესდღეობით), ვაქცინაცია ამცირებს ვირუსის გადადების რისკს მინიმუმ 5-ჯერ, ჰოსპიტალიზაციის რისკს 10-ჯერ და სიკვდილის რისკს 10-ჯერ. ალფა შტამის (ჩვეულებრივი კოვიდი) შემთხვევაში ეს ციფრები გაცილებით მეტია.

[წყარო

https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7037e1.htm ]

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლინიკებში წვანან აუცრელი ადამიანები და საწოლების რაოდენობა სასრული რიცხვია. შესაბამისად, არის საშიშროება იმის, რომ გადაივსება ადგილები და ვეღარ მოხდება მძიმე ავადმყოფების გადაყვანა კლინიკებში იმის გამო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა არ აიცრას.

ვაქცინირებული ადამიანი მაინც ჩვეულებრივად გადამდებია და თქვენი რა საქმეა გავიკეთებ თუ არა?

როგორც ზემოთაა მოყვანილი ციფრები, მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია ალბათობა, რომ ვაქცინირებულს დაემართოს კოვიდი, შესაბამისად 5-ჯერ ნაკლებია იმის ალბათობაც, რომ ვირუსი ვინმე სხვას გადასდოს. თუ ვირუსი არ დაგემართა, როგორ გადასდებ სხვას? პლუს ამას, ვაქცინირებულ ადამიანს მინიმუმ 10-ჯერ უფრო მსუბუქად გადააქვს ვირუსი, შესაბამისად უფრო ხანმოკლე პერიოდი არის იგი გადამდები.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ დამართვის შემთხვევაშიც კი ვირუსი ბევრად უფრო სუსტია, რადგან ვაქცინირებულ ორგანიზმში გამომუშავებულ ანტისხეულებს ებრძვის და მისი სხვა ადამიანზე გავრცელების ძალაც ნაკლებია. [წყარო https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMc2106757 ]

გადატანილი მაქვს კოვიდი და აღარ მჭირდება ვაქცინა

ვაქცინაცია მინიმუმ 5-ჯერ უფრო ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ვიდრე კოვიდის გადატანისას რჩება. [წყარო: https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7044e1.htm ]

ბუსტერ დოზა დაემატა, ანუ ყოველ 6 თვეში უნდა ავიცრათ? როდემდე?

ძნელი სათქმელია როდის და როგორ დასრულდება ეს პანდემია. ჩვენი ამოცანა ამ მომენტში უნდა იყოს ის, რომ უბრალოდ არ დავიხოცოთ და ჯანმრთელად ვიყოთ.

შესაბამისად, მასიური ვაქცინაცია და დამატებითი დოზები მოგვიწევს მანამდე, სანამ გამოიგონებენ წამალს ან რაიმე სხვა მეთოდს, ვირუსის სამუდამოდ დასამარცხებლად.

მაგალითად ფაიზერი უკვე ტესტავს აბებს, რომლებიც 90%-ით ამცირებს გართულებებს კოვიდისას. [წყარო https://www.pfizer.com/news/press-release/press-release-detail/pfizers-novel-covid-19-oral-antiviral-treatment-candidate ]

აცრის იძულება სწორია?

ეს ყველაზე საჩოთირო საკითხია.
ზოგადად, ორგანიზმში ვინ რას შეუშვებს, ეგ თითეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ როდესაც ვცხოვრობთ საზოგადოებაში და არა განმარტოებით სადმე ტყეში, გვეკისრება რაღაც სოციალური პასუხისმგებლობები.

შენ თუ გინდა ისარგებლო სოციუმის ბენეფიტებით, ანგარიში უნდა გაუწიო ამ სოციუმს და არ უნდა დააყენო ის რაიმე საფრთხის წინაშე.

სხვათაშორის ასეთი შემთხვევა საქართველოს კანონმდებლობაშიცაა გათვალისწინებული https://matsne.gov.ge/ka/document/view/21784 (მუხლი 5, პუნქტი 1ვ.) სადაც წერია, რომ:

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას."

სამედიცინო უკუჩვენებებში მოიაზრება მაგალითად ალერგია კონკრეტული ვაქცინის მიმართ, რისი დამამტკიცებელი საბუთიც უნდა გააჩნდეს ვაქცინაციაზე უარის მთქმელს.

ისტორიას რომ გადავხედოთ, მაგალითად, შავი ჭირის ეპიდემიის დროს, 1346-1353 წლებში, დაავადებული ადამიანები როდესაც ჩვეულებრივ დადიოდნენ ევროპული ქალაქების ქუჩებში და უნებლიედ ასნებოვნებდნენ სხვა ადამიანებს (რომლებიც შემდეგ თავის მხრივ სხვებს აავადებდნენ და ბოლოს ტანჯვით იხოცებოდნენ), პანდემიის შესაჩერებლად, ადგილობრივმა მთავრობებმა გადაწყვიტეს მათი იძულებითი იზოლირება. [წყარო https://www.history.com/news/quarantine-black-death-medieval ]

იყო თუ არა სწორი ეს გადაწყვეტილება? ჩემი აზრით უფრო კი, ვიდრე არა. მაშინდელმა პანდემიამ ევროპის მოსახლეობის 60% შეიწირა და რომ არა მიღებული ზომები, ეს რიცხვი უფრო დიდი იქნებოდა. [წყარო https://www.historytoday.com/archive/black-death-greatest-catastrophe-ever ]

კოვიდის შემთხვევაში, რაკი მისი გავრცელება და ლეტალობა საბედნიეროდ ისეთი არ არის, როგორიც შავი ჭირისა, იძულებითი ვაქცინაცია არ მიმაჩნია სწორად, თუმცა ნებისმიერ დაწესებულ შეზღუდვას ვემხრობი, რომელიც ადამიანს უბიძგებს და წაახალისებს ჩაიტაროს ვაქცინაცია.

საზოგადოების მიზანი ვინმესთვის ნემსის დარჭობა კი არ უნდა იყოს, არამედ იმ კონკრეტულ ადამიანამდე ვაქცინაციის საჭიროების გააზრებულად მიტანა, რათა თავად მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

თუ არსებობს კიდევ რაიმე ანტივაქსერული არგუმენტი, რაც ამ სტატიაში არ მომიყვანია, ან რაიმე უზუსტობა იპოვეთ სტატიაში, გთხოვთ მომწეროთ კომენტარებში.

--

--