რა არის Android Auto და Apple CarPlay
Android Auto და Apple CarPlay არის ტექნოლოგია, რომელიც ახდენს თქვენი ტელეფონის ფუნქციონალის ინტეგრაციას ავტომობილის საბაზისო მულტიმედია სისტემაში.
რატომ Android Auto/Apple CarPlay?
ზოგადად ყველა მულტიმედია სისტემით აღჭურვილ ავტომობილს აქვს საკუთარი ტექნოლოგიები იმისათვის, რომ გამოიყენოთ ნავიგაცია, მოუსმინოთ მუსიკას, უპასუხოთ ზარებს და ა.შ. უბრალოდ ბლუთუსით აკავშირებთ თქვენს ტელეფონს და ავტომობილს და იყენებთ.
განვიხილოთ ავტომწარმოებლების მიერ ჩაშენებული ეს ფუნქციონალი სათითაოდ:
მაგალითებს განვიხილავთ Android Auto-ს მაგალითზე. ჩემი აზრით Apple CarPlay ჯერ-ჯერობით ასეთი მოსახერხებელი ვერ არის, თუმცა ნებისმიერი ავტომობილის მულტიმედია სისტემას მაინც გაცილებით ჯობია.
ზარებზე პასუხი და დარეკვა — დარეკვა ყველაზე საბაზისო ფუნქციონალია, რასაც ველით, რომ ავტომობილის მულტიმედია სისტემას უნდა გააჩნდეს, მაგრამ ესეც კი საკმაოდ ცუდად არის გაკეთებული უახლეს ავტომობილებშიც კი. ბევრგან მაგალითად შემოსული ზარისას კონტაქტის სახელი ვერ გამოაქვს მონიტორზე, მითუმეტეს თუ ქართული შრიფტით გაქვთ ნომრები ჩაწერილი. ასევე ძალიან მოუხერხებელია კონტაქტების ძებნა და დამატება. ეს ყველაფერი ბევრად მოსახერხებელია Android Auto-ში. Android Auto ინტეგრირდება ავტომობილის სისტემაში და ჩვეულებრივად იყენებთ საჭეზე განტავსებულ დარეკვის და ზარის გათიშვის სისტემებს, ასევე ავტომობილის მიკროფონს.
კონტაქტების მართვა:
ნომრის აკრეფა:
რუკა და ნავიგაცია — საქართველოში ეს ფუნქციონალი პრაქტიკულად არცერთ ავტომობილში არ მუშაობს გამართულად. ძირითადად საქართველოს რუკები არ იტვირთება არსებულ სისტემაში, ან უბრალოდ დაბლოკილია და არ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. რომც მუშაობდეს, მაინც ისეთი ცუდია, რომ ა.შ.შ-შიც კი (სადაც ეს ფუნქციონალი მუშაობს), მაინც Android Auto-ს ან Apple CarPlay-ს იყენებენ ნავიგაციისთვის. Google Maps ბევრად მოსახერხებელია ნებისმიერ სხვა რუკაზე, გიჩვენებს გზებზე საცობებს რეალურ რეჟიმში, შეგიძლია შენი ლოკაციების დამატება (სახლი, სამსახური) და აქვს უამრავი დამატებითი ფუნქცია.
ნავიგაცია მთელ ეკრანზე:
რამდენიმე აპლიკაციის ერთ ეკრანზე გამოტანა:
მუსიკა — მუსიკის მოსმენის საშუალებას ყველა ავტომობილი იძლევა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ესეც ცუდად არის გაკეთებული. აქაც ვხვდებით იგივე პრობლემებს, სიმღერის დასახელების ეკრანზე კუბიკებად გამოტანას და ა.შ. ასევე, ტელეფონის ხელში აღების გარეშე ფლეილისტების არჩევა და სიმღერებს შორის ნავიგაცია შეუძლებელია. Android Auto ან Apple CarPlay ბევრად ამარტივებს მუსიკების მოსმენას, ტელეფონის ხელში აღების გარეშე, მანქანის ეკრანზე თქვენს წინაშეა თქვენი მთელი მუსიკალური არქივი ნებისმიერი მუსიკალური სერვისიდან, იქნება ეს Youtube Music თუ Spotify.
მიმდინარე სიმღერა:
მუსიკალურ ბიბლიოთეკაში ნავიგაცია:
ჭკვიანი ასისტენტი — ჭკვიანი ასისტენტი ბევრ ახალ ავტომობილში უკვე თავიდანვე ჩაშენებულია, ეტყვი მანქანას მაგალითად “Hey Toyota” და შეგიძლია რამე მარტივი ოპერაციები შეასრულებინო. მაგრამ რა თქმა უნდა გუგლის ასისტენტს და ეფლის სირის ვერ შეედრება, შესაბამისად აქაც ბევრად ჩამორჩება საბაზისო მულტიმედია Android Auto-ს/Apple CarPlay-ს.
ხვალინდელი ამინდის შესახებ გვიყვება გუგლ ასისტენტი:
დამატებითი აპლიკაციები — ავტომობილის საბაზისო მულტიმედია სისტემაში დამატებითი აპლიკაციების ჩაწერა შეუძლებელია, შესაბამისად არსებულ ფუნქციონალს ვერაფრით გააფართოვებთ. სამაგიეროდ Android Auto და Apple CarPlay იძლევა საშუალებას დააყენოთ დამატებითი აპლიკაციები, როგორიცაა Google Calendar, Waze, Facebook Messenger, WhatsApp, Viber, Skype, Amazon Music, TuneIn Radio, Audible და უამრავი სხვა.
დაყენებული აპლიკაციების სია:
შეგიძლიათ თამაშებიც კი დააყენოთ:
Android Auto აპლიკაციების სრული სია: https://play.google.com/store/apps/editorial_collection/promotion_topic_3003388_androidauto_baselist?jsmode=du
Apple CarPlay აპლიკაციების სიის ნახვა შესაძლებელია ამ გვერდზე (სადღაც შუაში): https://www.apple.com/ios/carplay/
მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემებზე მუშაობა მუდამ მიმდინარეობს Google/Apple-ს მიერ და ყოველ განახლებაზე რაღაც ახალი ემატება ან უმჯობესდება, რასაც ვერ ვიტყვით ავტომობილის საბაზისო მულტიმედიაზე, სადაც განახლებები წლების განმავლობაში არ გამოდის.
ავტომობილების მხარდაჭერა
2015 წლის შემდეგ გამოსულ ავტომობილებში ნელ-ნელა დაიწყეს ამ სისტემების დანერგვა. მხარდაჭერილი ავტომობილების სიის ნახვა შეგიძლიათ აქ: Android Auto / Apple CarPlay
ავტომობილების უმეტესობას აქვს მხოლოდ Wired Android Auto/CarPlay, ანუ მუშაობს მხოლოდ ტელეფონის ავტომობილში USB კაბელით შეერთების შემდეგ, რაც ყოველდღიურ ხმარებაში მოუხერხებელია. ეს პრობლემა მარტივად გვარდება დამატებითი პატარა მოწყობილობის შეძენით. არჩევანი საკმაოდ დიდია, მე მაგალითად ვიყენებ ამას Carlinkit 5.0 2air:
ზოგადი დეტალები
გასათვალისწინებელია, რომ Android Auto / Apple CarPlay იყენებს ტელეფონის/ავტომობილის Bluetooth-საც და WiFi-საც. ბლუთუსი სჭირდება მხოლოდ იმისათვის, რათა თავიდან დაუკავშირდეს ავტომობილს და შემდეგ უკვე იყენებს ვაიფაის ავტომობილთან შემდგომი კომუნიკაციისათვის, რადგან ბლუთუსის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე არ არის საკმარისი ამ ტექნოლოგიების გამართულად მუშაობისთვის.
იმედია გასაგებად ავხსენი რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგიები და თუ აქამდე არ იყენებდით, დაჟინებით გირჩევთ, რომ გამოიყენოთ.
თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ამ ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მაშინ ალბათ მომავალი ავტომობილის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რომ საჭიროა ქონდეს Android Auto / Apple CarPlay.
თუ რაიმე უზუსტობა იპოვეთ, ან შეკითხვა გაქვთ, დატოვეთ კომენტარი.