ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა საქართველოში

Avtandil Kikabidze
4 min readSep 24, 2022
Beretta M9A4

დიდი ხანია რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ აქამდე ნამდვილად არ მხიბლავდა პისტოლეტის მუდმივად სახლში დების პერსპექტივა, სროლაში ვარჯიშის გარეშე. თუმცა, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც უკვე შესაძლებელია სპეციალური ნებართვის საფუძველზე შენახვის უფლებით შეძენილი პისტოლეტის სასროლეთში გადატანა და საკუთარი პისტოლეტით სროლა, რაც ბევრად უფრო მომხიბვლელს ხდის იარაღის შეძენას.

იარაღის გამოცდა

შესაბამისად, მეც გადავწყვიტე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და მომიწია თანმდევ ყველა პროცედურაში გარკვევა. ამ სტატიაში ვეცდები აღვწერო პროცესი, რაც გავიარე თავდაცვის ხრახნლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (ანუ პისტოლეტის) შეძენისას. სხვა ტიპის იარაღების შემთხვევაში შეიძლება ეს პროცედურები მცირედით განსხვავდებოდეს.

იარაღის შესახებ კანონის მიხედვით საქართველოში არსებობს ცეცხლსასროლი იარაღების კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც არის საჭირო შესაბამისი თეორიული გამოცდის ჩაბარება. ეს ტიპებია: თავდაცვითი, სანადირო და სპორტული. გამოცდის ბილეთების სწავლისთვის ძალიან მოსახერხებელია მომსახურების სააგენტოს მიერ შექმნილი ვებ-პორტალი https://sa.gov.ge სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შემდეგ ნახოთ პირადი ინფორმაცია თქვენზე რეგისტრირებული ავტომობილის ან ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, აიღოთ ცნობები, ნახოთ მართვის მოწმობის ქულები და ა.შ. აქ შეგიძლიათ ნახოთ ასევე იარაღის/მართვის მოწმობის გამოცდის ბილეთები და გაიაროთ ონლაინ ტესტი (რომელსაც არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ სავარჯიშოა). როგორც გვპირდებიან, აქედანვე იქნება მომავალში შესაძლებელი ტირში გადატანის უფლების ონლაინ აღებაც (ამჟამად ადგილზე მისვლაა საჭირო).

თითოეული იარაღის ტიპზე კითხვების რაოდენობა არის 15. ეს კითხვები ძალიან მარტივია და სწავლის გარეშეც კი შესაძლებელია სწორი პასუხების გაცემა. გამოცდაზე აუცილებელია, რომ 15-დან 13 კითხვას მაინც გასცეთ სწორი პასუხი, ამისათვის გამოყოფილია 20 წუთი. ოფიციალურად გამოცდის შესახებ წერია აქ: https://www.sa.gov.ge/p/weapon/test

ბილეთების სწავლის შემდეგ მიდიხართ მომსახურების სააგენტოში, რომელიც მდებარეობს ქავთარაძის 5ა-ში, (ლოკაცია რუკაზე: https://goo.gl/maps/xkKY3TPXAWMvoWut7).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

სანამ სააგენტოში მიხვალთ, მანამდე უნდა აიღოთ ე.წ. “ფსიქო”, ანუ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, რომელსაც იძლევა თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ბევრი სიარული თუ გეზარებათ, სააგენტოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ერთი ასეთი დაწესებულება, დიდად აწერია “ფსიქო” და პირდაპირ მანდ შეგიძლიათ აიღოთ, რაც დაგიჯდებათ 30 ლარი.

სააგენტოს მოპირდაპირედ მდებარე “ფსიქო”

შეიძლება სხვაგან უფრო იაფიც ღირდეს, მაგრამ მე პირდაპირ აქ მივედი. ადიხართ პატარა კიბეებზე, შედიხართ ოთახში, სადაც ზის რამდენიმე ადამიანი მაგიდებთან. ამოწმებენ ძირითადად ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კითხვების დასმით, ასევე ამოწმებენ მაჯებს. “ფსიქოს” მოქმედების ვადა აქვს 6 თვე. ამ ხნის განმავლობაში გამოცდაზე ხელახლა გასვლისას ახალი “ფსიქოს” აღება საჭირო არ არის.

იღებთ “ფსიქოს” და შედიხართ სააგენტოს შენობაში. შესასვლელიდან მარჯვნივ არის იარაღის გამოცდის განყოფილება, იქ იხდით 21 ლარს და გენიჭებათ გამოცდაზე გასვლის უფლება. გამოცდა ტარდება იქვე, პატარა ოთახში, სადაც განთავსებულია მერხები სენსორული ეკრანებით.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ, უკვე ავტომატურად გენიჭებათ უფლება შეიძინოთ და შეინახოთ გამოცდის შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღი.

იარაღის შეძენა

შესაძენად მიდიხართ იარაღის მაღაზიაში, ირჩევთ იარაღს, გაძლევენ ამ იარაღის ე.წ. “ყუას” რომელიც უნდა წარადგინოთ მომსახურების სააგენტოს მეორე შენობაში, იმავე მისამართზე შიდა ეზოში, ხელმარცხნივ, დიდად აწერია “იარაღის რეგისტრაცია”.

ე.წ. “ყუა”

ჩაიბარებენ “ყუას”, გადაგიღებენ ფოტოს, გადაგახდევინებენ 67 ლარს და დაახლოებით 30 წუთში დამზადდება თქვენი იარაღის მოწმობა. ეს დრო დამოკიდებულია იარაღის ტიპზე, სააგენტოს დატვირთულობაზე და რიგ შემთხვევებში შეიძლება გაიწელოს 2–3 საათიც.

თუ ბინა თქვენს საკუთრებაში არ არის, სადაც აპირებთ იარაღის შენახვას, შეიძლება მოითხოვონ მისამართზე რეგისტრაციის ცნობა, რომ ნამდვილად ცხოვრობთ მითითებულ მისამართზე.

მე იარაღი შევიძინე მაღაზიაში “კალიბრი” , თუმცა როგორც ვიცი, ზოგიერთ მაღაზიაში შეძენისას “ყუას” წაღება არ გიწევთ სააგენტოში და მაღაზიაშივე გაძლევენ სახლში გადატანის დროებით ნებართვას, ანუ შეგიძლიათ მაშინვე წაიღოთ იარაღი სახლში. მიუხედავად ამისა, 10 დღის განმავლობაში მაინც ვალდებული ხართ მიხვიდეთ სააგენტოში და აიღოთ რეგისტრაციის მოწმობა.

იარაღის საბუთი

აქვე, მოწმობასთან ერთად მოგცემენ იარაღის მაღაზიიდან სახლში გადატანის ნებართვას, რომელშიც მითითებული იქნება დროის ინტერვალი, რა დროშიც გექნებათ უფლება წამოიღოთ შეძენილი იარაღი და გადაიტანოთ სახლში. დროები თქვენ თავად შეგიძლიათ უთხრათ, თუმცა გადატანის ინტერვალი დამოკიდებულია მანძილზე, თუ საიდან სად მიგაქვთ იარაღი. მე 2 საათი მომცეს.

გადატანის ნებართვა

ხრახნლულიან იარაღთან ერთად ასევე უფლება გეძლევათ გადაიტანოთ 50 ვაზნაც.

გადატანის ნებართვაში მითითებული ვადების არდაცვა არის სისხლის სამართლის დანაშაული და მკაცრად ისჯება.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ იარაღის შენახვის წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით.

მოკლედ, სულ ეს არის. დავიტოვოთ იმედი, რომ მალე ტარების უფლების აღებაც იქნება შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში.

გახსოვდეთ, თავდაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა!

--

--